logo
ENG



მდინარაძის თქმით, მედიაზე ძალადობას და EU-ს დროშის ჩამოხსნას ოპოზიცია და პრაიდი "ინატრებდა"

07 ივლ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძის თქმით, მედიაზე ძალადობას და EU-ს დროშის ჩამოხსნას ოპოზიცია და პრაიდი "ინატრებდა"
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობა ოპოზიციისა და თბილისი პრაიდის "წისქვილზე ასხამს წყალს". ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისთან, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"თუ მათ [ძალადობრივ ჯგუფებს] მიაჩნიათ, რომ ეროვნული იდენტობა, ეროვნული ინტერესები, ეკლესია უნდა დაიცვან, ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას? ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ის ვიღაცები არიან, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ისურვებდნენ, მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტებზე, ინატრებდნენ, რომ ვიღაცას ჩამოეხსნა ევროკავშირის დროშა" - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.

ხოლო გუშინ, 6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს. ისინი პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს. უწყებამ 100 ადამიანი დააკავა, მათი უმრავლესობა კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 


close დახურვა